აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ინტელექტუალური საკუთრების უფლება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე არ გავრცელდება, ხანგრძლივი მოწოდებებისა და განსჯის შემდეგ ბაიდენის ადმინისტრაციამ საკითხი ჯანმო-ს და მსოფლიო ჯანდაცვის საჭიროებების სასარგებლოდ გადაწყვიტა, ფარმაცევტულ კომპანიები კი დააზარალა.
"ადმინისტრაციას ღრმად სწამს ინტელექტუალური საკუთრების უფლების, თუმცა მიმდინარე პანდემიის დასრულებისთვის, ამ უფლების დაცულობას Covid-19-ის ვაქცინებისთვის აუქმებს", - განაცხადა ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ქეთრინ ტაიმ.
გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს გებრეიესუსი და მას "მონუმენტური" უწოდა.
"ეს არის გლობალური ჯანდაცვის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად აშშ-ის ლიდერობის ძლიერი დასტური“, - დაწერა გებრეიესუსმა Twitter-ზე.
ინტელექტუალური საკუთრების უფლება მწარმოებელს მის მიერ შექმნილ კონკრეტულ პროდუქტზე ექსკლუზიურ უფლებებს ანიჭებს, მესამე მხარეს ეკრძალება ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვის ქვეშ მყოფი პროდუქტის ასლის ან რეპლიკის მწარმოებლის ნებართვის გარეშე დამზადება.